17-20 მარტს გერმანიაში ქ. კარლსრუეში ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Systems and Innovation Research ISI) პროექტის (“კვლევითი და ქსელური ღონისძიებები საქართველოს უნივერსიტეტებთან ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის დასამყარებლად“) ფარგლებში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრები ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებთან.
შეხვედრის მიზანი გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის: მდგრადი ერთობლივი პარტნიორული სტრუქტურების დამყარების ღონისძიებები - კვლევითი და ინოვაციური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ერთობლივი განხორციელება გახლდათ. აღნიშნულ შეხვედრაზე ოფიციალურად მიწვეულნი იყვნენ: ირინა ბათიაშვილი - პროექტის კოორდინატორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი გენდერულ საკითხებში მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის მიმართულებით (STI), მორის შალიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მერაბ ხოხობაია - ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.
პროექტის მონაწილეები მოხსენებებით ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის ინოვაციებისა და ცოდნის შესახებ ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორი რაინერ ფრიტშის მიერ მოწვეული სამეცნიერო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ.
დაიგეგმა პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელების საკითხები. აღნიშნული მოიცავს კონფერენცია/სიმპოზიუმს, ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტში დოქტორანტების ვიზიტის კომპონენტს, ერთობლივ ღონისძიებებს და კვლევით აქტივობებს.